„რას დასდევ სხვას სდიე არ ჭირდები“ — ასეთი კომენტარი გამოჩნდა TOK TV-ის ქალი ჟურნალისტის მიერ მომზადებული ვიდეოს ქვეშ, „Emzar Gelovani“-ს სახელით მოქმედი ფეისბუქ პროფილიდან.
წალკის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი, კომენტარის ავტორობას უარყოფს და საკუთარი ანგარიშის შესაძლო გატეხვაზე საუბრობს.
კომენტარი ჟურნალისტის პროფესიულ კითხვას არ პასუხობს. . ის მას შემდეგ გამოჩნდა, რაც TOK TV-მ გაავრცელა კადრები წალკის მერის კიდევ ერთი მოადგილის, ანზორ ხინიკაძის, საარჩევნო უბანზე ყოფნის შესახებ.

ვიდეოში ასახულია, როგორ მივიდა ხინიკაძე 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს სოფელ იმერაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ იყო. TOK TV-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მიზნით იმყოფებოდა უბანზე, თუმცა ხინიკაძემ კითხვებს პასუხი არ გასცა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

ხინიკაძემ თავდაპირველად ტერიტორია ფეხით დატოვა, შემდეგ მანქანასთან დაბრუნდა, ავტომობილში ჩაჯდა და წასვლა დააპირა, თუმცა მისი ავტომობილი მოუწესრიგებელ გზაზე მოცურდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა, – შემთხვევა საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე გამავალ დაზიანებულ გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დატოვებული კომენტარის შესახებ TOK TV ემზარ გელოვანს დაუკავშირდა. რედაქციამ მას ჰკითხა, ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული პროფილი და რას გულისხმობდა კომენტარში.
გელოვანის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფეისბუქით არ უსარგებლია და კომენტარი მას არ დაუწერია. მან ასევე განაცხადა, რომ მსგავს „სისულელეებს“ არ წერს და ანგარიშის გატეხვას არ გამორიცხავს. TOK TV-მ მას კომენტარის სქრინიც გაუგზავნა.

ამ ეტაპზე რედაქციას დამოუკიდებლად არ დაუდგენია, ვინ დაწერა კომენტარი. ანგარიშის შესაძლო გატეხვის შესახებ გელოვანის განცხადებაც დაუდასტურებელია.
წალკის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ემზარ გელოვანი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.
Tags: არჩევნები, წალკა