„ჩემი მთავარი სურვილია, საკუთარი კომპოზიციები შევქმნა“ – ანასტასია შავაძე

October 7, 2026

🎶 ვაგრძელებთ ახალციხელი ახალგაზრდა შემსრულებლების გაცნობას, რომლებსაც პროექტ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ჩვენს აუდიტორიას ეტაპობრივად წარვუდგენთ.

ანასტასია შავაძე 14 წლისაა, ფოლკლორული ანსამბლ „მესხ-ფოლკისა“ და „String Wave“-ის წევრი და სოლისტია. ის სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს და ამ მიმართულებით განვითარებას აგრძელებს.

„მუსიკასთან ურთიერთობა საბავშვო ბაღის ასაკიდან დავიწყე. პირველი შესრულება საბავშვო ზეიმზე მქონდა, სადაც სტივენ ფლაჰერტისა და ლინ აჰრენის „ანასტასია“ ვიმღერე. ვუკრავ კლასიკურ ფანდურს, ბას-ფანდურს, სალამურს, გარმონს, კლავიშს, გიტარასა და ბას-გიტარას. ვსწავლობ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის N2 სამუსიკო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. ჩემი ხმა ალტია.“

ანასტასიას მთავარი სურვილია, საკუთარი კომპოზიციები შექმნას. მისი კიდევ ერთი მუსიკალური ოცნება კი „Adele“-თან ერთად დუეტის ჩაწერაა.

ანასტასიასა და მისი თანაგუნდელების მოსმენა 14 ნოემბერს, ახალციხეში, „დარანში“ შეგეძლებათ, სადაც ადგილობრივი გიტარის ჯგუფი „String Wave“ დაუკრავს.

„ურბანული ხმები“ სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისა და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საერთო პროექტია, რომელიც 13 და 14 ნოემბერს ახალციხეში გაიმართება.

📍 13 ნოემბერი — Asea Sool

ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი

📍 14 ნოემბერი — String Wave

ლაივ შესრულება

მოგვყევით, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე სერიის სხვა ახალგაზრდა შემსრულებლებსაც გაგაცნობთ 💛