საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – წალკა

November 28, 2026

,,მასწავლებლმა დამარტყა ასე მთხლიშაო,  გვაჩვენა, – სისხლი წამომივიდა, ვიტირე დამაყენა კუთხეში, მიყვიროდა არ გამოხვიდე მანდედანო, “   – ასე აღწერს  4 წლის  შვილის ნაამბობს  ნათია კოღუაშვილი, წალკის სოფელ საყდრიონის ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

რა მოხდა  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის ბაღში  ექვს ნოემბერს და რას იძიებენ სამართალდამცველები, ჩვენი რედაქცია ინფორმაციის ყველა მხარისაგან მოძიებას შეეცადა.

მცირეწლოვნის დედა ამბობს, რომ შემთხვევა საბავშვო ბაღში გამართული ზეიმის შემდეგ მოხდა.

ნათია კოღუაშვილი, მშობელი : ,,აღნიშნული ფაქტი მოხდა 6 ნოემბერს, იმ დღეს ბაღში ზეიმი იყო, ზეიმის შემდეგ შუქი ჩაქრა, მაგ დროს გვირეკავენ ადრე რომ გავიყვანოთ, რადგან შუქზეა გათბობა.

ჩემი უფროსი გოგო არ იყო სკოლაში წასული და გავგზავნე ბავშის მოსაყვანად. მოვაჭრე იყო მოსული გარეთ ვიყავი, მეზობლებიც გარეთ იმყოფებოდნენ. დავინახე რომ ბავშვს ცხვირზე ეტყობოდა  მიმხმარი სისხლის კვალი. ჯერ უფროს შვილს ვკითხე რატომ იყო ბავშვი ასეთ მდგომარეობაში, მასწავლებელმა მითხრა ბავშვს დაეჯახა და სისხლი წამოუვიდაო, -მიპასუხა შვილმა. ბავშმაც ასე თქვა, მეგობარს, დიმას დავეჯახეო.

გამიკვირდა, არავის დაურეკავს, როგორც მშობელი უნდა ვიყო ინფორმირებული, მით უფრო მაშინ , როცა ბავშვს სისხლი წამოუვიდა. უნდა დაერეკათ და ეთქვათ ასე მოხდა და ჩემთვის არავის დაურეკია. გაწმენდილიც არ ჰქონდა ბავშვს სახე.

პარასკევი დღე იყო, ორშაბათს მასწავლებელს ვკითხე რა მოხდა, მითხრა სხვა ინფორმაცია, თითქოს ცხვირი ხელით თავად დაიზიანა. დავეჭვდი ამ პასუხებით იმ დღესვე დავიწყე გარკვევა რა მოხდა.

გადავწყვტე ბავშვისთვის უფრო დეტალურად გამომეკითხა… ბავშვმა დეტალურად გაიხსენა როდის მოხდა შემთხვევა. ისიც კი გვითხრა, ცუდად ვიქცეოდი და მასწავლებელმა დამარტყა, დამსაჯა, დამაყენა კუთხეშიო…ცელქია მაგრამ ეს არაა საბაბი რომ დასაჯონ .“

ნათია, ამბობს რომ მასწავლებელი მომხდარს უარყოფს, თუმცა, სხვა მშობლებიც  ხშირად საუბრობდნენ მცირეწლოვნების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე.  

ნათია კოღუაშვილი: ჩემს შვილს მანამდე მსგავსი არ უთქვამს არაფერი, თუმცა მსმენია ქალებისგან რომ მასწავლებელთანაც იყვნენ მისულები საყვედურებით, რადგან ბავშვებს თმებს ქაჩავდა და ყურს უწევდა.

მასწავლებელს პირადად შევხვდი ორშაბათს და უარყოფდა. ჩემს კითხვაზე თუ რა დაემართა ბავშვს, ხან რას ამბობდა ხან რას, მერე ხელი გაიქნია ,,ერთი რა ვიცი მეო “ ბავშვს რამე რომ მოუვიდეს, რავიცი პასუხით უნდა შემოიფარგლონ?
ბავშვები სხვას ამბობდნენ, პედაგოგი სხვას და ვიდეოკამერების დამონტაჟების საკითხი მოვითხოვე, თავიდა პედაგოგიც თანახმა იყო. მაშინვე ვუთხარი რომ ჩივილს არ ვაპირებდი და დაეყენებინათ კამერები.

იმ საღამოსვე მშობელების ჩატში დავწერე,რომ კამერების დამონტაჟების მოთხოვნით განცხადების შეტანას ვაპირებდი. 8 მშობელი დათანხმდა. ეს მასწავლებელმა რომ წაიკითხა ძალიან გაბრაზდა და მწერდა რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. “

საყდრიონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა   12  ნოემბერს განცხადება დაწერეს, ათამდე მშობლის ხელმოწერილ განცხადებაში მშობლები ბაღში ძალადობაზე, ჰიგიენის და ბავშვების უსაფრთხოების პრობლემებზე წერდნენ და ბაღების გაერთიანებას  ვიდეო კამერების დამონტაჟებას და ბაღში არსებული პრობლებების მოგვარებას თხოვდნენ .

თუმცა, როგორც ერთ -ერთმა მშობელმა, ნათია კოღუაშვილმა ჩვენს რედაქციას უთხრა, ბაგა- ბაღების გაერთიანებაში მათი განცხადება არ დაიტოვეს. 


ნათია კოღუაშვილი: ,,თავიდან პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, მივმართეთ ბაღების გაერთიანებას დახმარებისთვის. ხან გვიპრდებოდნენ მოვალთ და გავარკვევთო, შემდეგ აღარ აპირდებდნენ მოსვლას. დავრეკე შემდე 112 -ში მალევე მოვიდნენ და პოლიციაში გადაგვიყვანეს. არ ვაპირებდი ჩივილს, 10 დღე ვბრძოლობდი კამერები რომ დაემონტაჟებინათ. “

 ნათია კოღუაშვილმა 16 ნოემბერს სამართალდამცავებს მიმართა.  ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი  126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. 

იმავე დღეს, კიდევ ერთი ბავშვის მშობელი ლია ჩოგაძეც ესაუბრა TOK TV -ს საყდრიონის ბაღში ბავშვზე  შესაძლო ძალადობის შესახებ. მშობელმა ინტერვიუ პოლიციის განყოფილებიდან მოგვცა.

მშობლების მონაყოლით, საყდრიონის ბაღში ბავშვებს სავარაუდოდ უხეშად ეპყრობოდნენ “ძილის დროს სახეზე ბალიშს აფარებდნენ, დასჯის მიზნით თანატოლებისგან მათ იზოლირებას  ახდენდნენ და  დანარჩენ ბავშვებთან თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

 მიუხედავად ზემოთ აღწერილი გარემოებებისა, დღეს მედიასთან მხოლოდ ერთი ბავშვის მშობელი ნათია  კოღუაშვილი საუბრობს.  

 საყდრიონში ჩასულTOK TV -ს ჯგუფს აღარ შეგვხვდა ბაღის აღმზრდელ – მენეჯერი ჟუჟუნა  ბერიძე. მშობელი მას ადანაშაულებს ბავშვზე შესაძლო ძალადობაში. ის კომენტარზე წინასწარ შეგვითანხმდა, ასევე ბაღის შენობის დათვალიერებასაც დაგვპირდა, თუმცა, ადგილზე მისულებს  უარი გვითხრა, მიზეზად  გამოძიების მიმდინარეობა დაასახელა. 

საყდრიონის ბაღის აღმზრდელ-მენეჯერმა სატელეფონო კომუნიკაციისას გვითხრა, რომ მშობლების ბრალდებები მტკნარი  სიცრუეა და  ძალადობას ბავშვების მიმართ, ადგილი არ ჰქონია. 

ჟუჟუნა ბერიძე: აღმზრდელ-მენეჯერი: ,, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ შეხვედრისგან. როცა მე გავმართლდები, აუცილებლად დაგელაპარაკებით არა მხოლოდ თქვენ არამედ ყველა ტელევიზიას. ეს არის ბინძური სიცრუე.  “

მოკვლევა დაწყებული აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც, ომბუდსმენს მცირეწლოვნის მშობელმა, ნათია კოღუაშვილმა მიმართა. 

კითხვებზე არ გვიპასუხა წალკის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა  მელსიდა მეზიროვამ.
ყველა შეკითხვის პასუხად გვითხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიგვემართა.

 ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა არ გვიპასუხა რა მიზეზით ან კანონის რომელი მუხლის მიხედვით არ ჩაიბარა მშობლების  განცხადება.

რაც შეეხება ნათია კოღუაშვილს, გვიყვება რომ მომხდარის შემდეგ ბავშვი ბაღში არ დაჰყავს.

მცირეწლოვანი, ფსიქოლოგების მონაწილეობით გამოკითხულია, გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენი რედაქცია კი თემაზე მუშაობას კვლავაც განაგრძობს.