ახალციხის სამუსიკო სკოლის მშენებლობა, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბოლო ცვლილების თანახმად, თითქმის ერთი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
ახალციხის მერის ვარლამ წიკლაურის განცხადებით, კომპანიას ვადების დარღვევის გამო ყოველდღიური ჯარიმა ეკისრება და წესით, სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. ხოლო, სკოლის გახსნას, 2027 წლის იანვარ-თებერვალში გეგმავენ.
სამუსიკო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერში შპს “ბიელმა” გაიმარჯვა და მხარეებს შორის ხელშეკრულება 3 მილიონზე მეტ ლარზე გაფორმდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტმა 2,3 მილიონზე მეტი ლარი კომპანიას უკვე გადაუხადა.
თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, სამუშოები კომპანიას 2026 წლის 4 მაისს უნდა დაესრულებინა. თუცმა, ხელშეკრულებაში 8 ცვლილება შეიტანეს და ბოლო, 30 სექტემბრის ცვლილების მიხედვით, მშენებლობა თითქმის 1 თვის წინ, 30 ოქტომბერს უდნა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც უკვე გითხარით კომპანიას სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია.
რა გახდა პროექტის გაჭიანურების მიზეზი? – ჩვენ ამის გასარკვევად კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვცადეთ, დირექტორმა, ბექა მჭედლიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ხოლო, ცხელ ხაზზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებას დაგვპირდნენ.
მშენებლობა შალვა ახალციხელის N5-ში მიმდინარეობს.
ეს ის კომპანია და ის პროექტია, რომელიც 2025 წლის ბოლოს თანამშრომლებს ხელფასებს არ უხდიდა და რის გამოც სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. საკითხით დაინტერესების და ჩვენი მედიის გაშუქების შემდეგ დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურება მიიღეს.