აისახება თუ არა მამუკა ბახტაძის ჩანაცვლება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის პოზიციაზე?- ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ თავად ბესიკ ამირანაშვილს დავუკავშირდით. ის აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წლის 20 აგვისტოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს მიერ დაინიშნა. მან თავდაპირველად ჩვენ ზარს უპასუხა, მაგრამ შეკითხვის გაგონების შემდეგ კავშირი შეწყვიტა. მოგვიანებით განხორციელებულ ზარებზე, აღარ გვიპასუხა.
ბესიკ ამირანაშვილის წინამორბედი, კახა სამხარაძეა. ყოფილი გუბერნატორი, პრემიერის ცვლილებასთან ერთად 2018 წლის 2 აპრილს, თანამდებობის დაკავებიდან 4 თვეში გაათავისუფლეს. ის პოზიციაზე კვირიკაშვილის დანიშნული იყო. კვირიკაშვილის ბახტაძით ჩანაცვლების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულები თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
TOK TV კახა სამხარაძესაც დაუკავშირდა. კითხვაზე, იყო თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის ცვლილებასთან, გვიპასუხა: „არა. მე ვარ გუნდის წარმომადგენელი, როგორც გუნდი გადაწყვეტს და მართებულად ჩათვლის, ვექვემდებარები გუნდს და არანაირი პრემიერ-მინისტრების ცვლილებას გუნდის წევრების გადაადგილება არ ეხება“.
ასევე გვითხრა, რომ იგი ამ ეტაპზე წარდგენილია სამგორის გამგებლის პოზიციაზე და საკრებულოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომდგენელი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულების პოზიციებზე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, “თუ მსგავსი საკადრო ცვლილებები დაიგეგმება, ბუნებრივია, თქვენ შეიტყობთ პირველები. კიდეც რომ იგეგმებოდეს წინასწარ ამის შესახებ ვერავინ დაგელაპარაკებათ”.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. ხოლო მესამე პუნქტის თანახმად შერჩეულ კანდიდატს პრემიერ მინისტრი წარადგენს მთავრობასთან.
მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი 2019 წლის 2 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან საკუთრი ფეისბუქ პოსტის საშუალებით განაცხადა. 9 სექტემბერს კი პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალურად მუშაობას ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია შეუდგა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადაყენებას კამპანია “სირცხვილიას” წევრები ორ თვეზე მეტია ითხოვდნენ. პარლამენტის წინ პროტესტი გრძელდება.