ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, საბერძნეთი და კიდევ 4 ქვეყნის ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთში.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული და ადგილობრივი მოხალისეები ახალციხეში, ადიგენსა და ვალეში უკვე 3 დღეა საინტერესო და უჩვეულო აქტივობებში არიან ჩართული. ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული 9 ქვეყნის ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთში აწყობენ დასუფთავების აქციებს, სახალისო კონკურსებს, ეროვნული ცეკვების წარმოდგენებს, ეჯიბრებიან ერთმენთს კრეტიული იდეების გენერირებში.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს ახალციხეში ვარ. მე და ჩემი მეგობრები ბევრ საინტერესო აქტივობაში ვართ ჩართული“, – გვიყვება უკრაინელი მოხალისე ზორინა ფედორჩუკი.
„ახალციხისთვის ეს იშვიათია. პროექტი დაგვეხმარა უფრო აქტიურები გავმხდარიყავით“ – ნია გელაშვილი, მოხალისე საქართველოდან.
25 სექტემბერს დაწყებული მოხალისეობრივი პროექტი კიდევ ორ დღეს, 29 სექტემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებებით დაიტვირთა სხვა მუნიციპალიტეტებიც.
აქტიური და სახალისო იყო ეს დღეები ადიგენსა და ვალეშიც.
„ეს ორი დღე იყო ძალიან პოზიტიური. ძალიან თბილი გარემო და ასეთივე სტუმრები გვყავდა. ამ დღეების განმავლობაში ვაკეთებდით სახალისო აქტივობებს, თითოეული მათგანი იყო დაკავშირებული მეგობრობასთან, ოჯახთან და მხიარულებასთან,“- ადიგენის SKYE კლუბის წევრი გურანდა იაკობაძე.
Fish or Fishing – პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე- ჯავახეთის World Vision-ის ხელშეწყობით განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში.