«როცა გავიგე, რომ ლეიკემია დამიდგინდა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, გამიჭირდა გაცნობიერება. ძალიან მძიმე მწარე და უიმედო დღეები გამოვიარე. დღეს კი სრულიად ჯანმრთელი ვარ, რა გრძნობაა ეს? ენით ვერ აღვწერ, უზომოდ ბედნიერი ვარ. სიტყვა მადლობა ალბათ ძალიან ცოტაა იმისთვის, რაც სრულიად საქართველომ ჩემთვის გააკეთა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთვის 1 ლარიც გამოყო, მიყვარხართ და მეიმედებით».
ეს სიტყვები 21 წლის ხატია პარუნაშვილს ეკუთვნს, რომელმაც რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაამარცხა. 16 იანვარს სტამბულში, კლინიკა აჯიადემში ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ამ ეტაპზე ორგანიზმი ეგუება ახალ უჯრედებს, ხატია ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და დაახლოებით ერთ თვეში იგი საქართველოში დაბრუნდება, სადაც ექვს წლიან სარეაბილიტაციო პროცესს დაიწყებს, რომელიც ასევე ხარჯებთა დაკავშირებული.
«გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, არსაიდან გამოსავალი არ ჩანდა, დახმარებას ვთხოვდით ყველას და ეს ყველაფერი თქვნს გვერდზეც იყო გამოქვეყნებული. ახლა კიდევ არ მჯერა , რომ გეუბნებით ხატია უკვე კარგადაა და დაამარცხა ლეიკემია. კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელით გადაგვერჩინა იგი», — TOK TV-სთან საუბრისას იხსენებს ხატიას და, მარიამ პარუნაშვილი.
ხატია პარუნაშვილს რამდენიმე თვის წინ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, რომელიც საჭიროებდა გადაუდებელ მკურნალბას, 4 ქიმიო თერაპიის მაღალდზირებულ კურსს და ძვლის ტვინის გადანერგვას, რომელსაც 200 000 დოლარი სჭირდებოდა.
თანხის შესაგროვებლად რეგიონსა და დედაქალაქში იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები. ხატიას მეგობრები და უცნობებიც კი ქუჩაში ბანერებით ხელში ცდილობდნენ ოპერაციისთვის თანხის შეგროვებას.
«ამის შემდეგ ყველაფრის მჯერა, მჯერა, რომ სასწაულები ხდება და ხატია ამის თვალსაჩინო მაგალითია. მადლობა ყველას ვინც ამ დიდ საქმეში მიიღო მონაწილეობა», — ამბობს მარიამი.
Tags:
ლეიკემია