კორონა ვირუსის გამო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 9 მარტის ნაცვლად, ხვალიდან 4 მარტიდან შეწყდება. სასწავლო პროცესი განახლდება 16 მარტს.
„უსიამოვნოა წინა დღეს, როცა ახალქალაქიდან და კიდევ სხვა შორი ადგილიდან მოდიან სტუდენტები და სწავლის შეწყვეტა შეიტყოს ასეთ დროს“ – TOK TV-სთან საუბრისას განმარტავს სტუდენტი.
„ცოტა ადრე მაინც ეთქვათ, რადგან სოფლებიდან ჩამოგვიყვანეს და რთულია ამხელა გზაზე სიარული. ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგია, დეზინფექცია რომ ჩაუტარდება უნივერსიტეტს“ – ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი.
უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძეს განცხადებით სწავლის შეწყვეტის მიზეზი პრემიერის განკარგულებაა.
„პრემიერის განკარგულების საფუძველზე გადავწყვიტეთ სწავლის შეწყვეტა. დეზინფექციის ჩატარება უნდა განხორციელდეს იმ სტანდარტებით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს, ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი რესურსები და ამიტომ მიმდინარეობს კომპანიებთან დაკავშირება. შევთანხმდით, რომ პარასკევს დაიწყება სადეზინფექციო სამუშაოები“ – განმარტავს ბერიძე.
რექტორი ასევე განმარტავს, რომ 16 მარტს სასწავლო პროცესი შესაძლოა დაიწყოს ონლაინ რეჟიმში.
„დიდი ალბათობით 16 მარტს სწავლა აღდგება ონლაინ რეჟიმში, რომლისთვისაც უნივერსიტეტი გადასულია ონლაინ მზადებაზე,“ – გვითხრა რექტორმა.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის ორ მარტს გამართული თათბირის შედეგად სასწავლო პროცესი 9-16 მარტს უნდა შეწყვეტილიყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ასევე სასწავლო პროცესი ორი კვირით შეაჩერა რამდენიმე უნივერისტეტმა და საბავშვო ბაღებმაც.