დღეს, 10 მარტს, სარფიდან აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საქართველოს 8 მოქალაქე კარანტინზე მოათავსეს. მოქალაქეები იტალიიდან ბრუნდებოდნენ. კლინიკური მენეჯერის განმარტებით მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ტემპერატურა ნორმალური აქვთ,არც ახალ მოსულებს და არც სხვებს არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები. დღეს კიდევ 2 ადამიანი გავწერეთ, რადგან ამოეწურათ საკარანტინო პერიოდი,“ – ჩვენთან საუბრისას განაცხადა კლინიკურმა მენეჯერმა, კახა ბერიძემ.
ამ დროისთვის კარანტინში სულ 18 ადამიანია მოთავსებული. მთლიანობაში კლინიკამ 36 მოქალაქე მიიღო.
აბასთუმანში პირველად კარანტინზე მოქალაქეები 26 თებერვალს გადაიყვანეს, ასევე 26 თებერვალს დაფიქსირდა საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა.
10 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირებული 15 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში – 178 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 .