26 მარტს, ენზელ მკოიანის სახლში მომხდარი გასროლის შემდეგ 2 პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ნინოწმინდა- ახალქალაქის ყოფილ დეპუტატს, სამველ პეტროსიანს დავუკავშირდით. ზარზე უცხო ადამიანმა გვიპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ პეტროსიანის ახლობელია, ხოლო ჩვენ კითხვას არ გვიპასუხა.
ასევე, ჩვენ დავუკავშირდით ენზელ მკოიანსაც, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ : “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.”
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატი, ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
შსს-ში გამოძიება 126- 1პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.