ნინოწმინდა-ახალქალქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც 26 მარტს მკოიანსა და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებია ასახული.
„სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ენზელ მკოიანის ძმის შვილს 12 -ე კლასის მოსწავლეს არმენ მკოიანს. გეორგი პეტროსიანი მომხრებთან ერთად სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან მხოლოდ სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ არმენ მკოიანის ბიძაშვილს კარაპერტ მკოიანს, რომელსაც ახლდა თავისი ნათესავები.” – წერის დეპუტატი. (ციტატებში დაცულია მკოიანის სტილი)
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მკოიანი სიტყვიერი კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ჩაერთო საუბარში, რა დროსაც „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი სამველ პეტროსიანი მივიდა და რამდენიმე ტყვია მაჟორიტარის მიმართულებით გაისროლა.
“სიტუაცია უკვე განმუხტული იყო, როდესაც მოვიდა სამველ პეტროსიანი, გაბრაზებული სასწრაფოდ გადმოვიდა ავტომანქანიდან, წავიდა თავისი შვილის მიმართულებით დაუძახა შვილს შედი სახლში ამათ მე გავუსწორდები, შემობრუნდა ენზელ მკოიანის მხარეს სასწრაფოდ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი.და დამიზნებით სამჯერ ესროლა. ამასობაში ენზელ მკოიანმა ამოიღო იარაღი თავდაცვის მიზნით, რომ შეშინებოდა სამველ პეტროსიანს მოახდინა ჰაერში ორი გასროლა, ამასობაში იქ მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა განაიარაღეს სამველ პეტროსიანი, რითაც ამოიწურა კომფლიქტი.“
დამატებითი დეტალების გასარკვევად ჩვენ ენზელ მკოიანს დავუკავშირდით. მან ჩვენი რამდენიმე ზარის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა და ტელეფონი გაგვითიშა.
თემასთან დაკავშირებით ჩვენ სამველ პეტროსიანის ოჯახის წევრებსაც დავუკავშირდით, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ასევე პარტიის პოზიციის გასაგებად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს მომხდარ გასროლასთან დაკავშირებით ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვაზე ორივე მხარე იმყოფებოდა, მხოლოდ სამველ პეტროსიანი და მისი თანმხლები პირი დააკავეს. შსს-ში ამასთან დაკავშირებით არ საუბრობენ. ჩვენ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საკითხი სასამართლო პროცესზე იქნება განხილული.
სამველ პეტროსიანს და 19 წლის ბიჭს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ.
შსს-ში გამოძიება 126- 1პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.