როგორ აღევლინება სააღდგომო ლიტურგია ახალციხეში არსებულ სომხურ სამოციქულო, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში?- ამ კითხვით TOK TV ადგილობრივ მღვდელმსახურებს დაუკავშირდა.
ახალციხის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, მიშა სურმავა გვეუბნება, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, თუმცა მრევლი ვერ დაესწრება.
„ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, თუმცა დაესწრებიან მხოლოდ რამდენიმე სტიქაროსანი, მღვდელი, მკითხველი და ორღანისტი. მხოლოდ 7 – 7 ადამიანი შეძლებს ტაძარში შემოვიდეს, სანთელი დაანთოს და დაბრუნდეს უკან. 22:00 საათის ნაცვლად 17:00 საათზე დაიწყება და შედარებით ადრეც დასრულდება, რათა კომენდანტის საათის დროს მრევლი გარეთ არ დარჩეს,“ – ამბობს სურმავა.
მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულზე მრევლი დისტანციურად შეძლებს ზიარებას.
„აღდგომის დღესასწაულზე, დილით მრევლი შეძლებს ზიარებას. ანუ ისევ 7-7 ადამიანი შევა ეკლესიაში სადაც მოძღვარი აზიარებს. დაბრუნდა III-IV საუკუნის წესი, როცა მოძღვარი ხელის გულზე იდებს ზიარების პურს და მრევლი თავისი ხელით იღებს,“ – გვიყვება წინამძღვარი.
ცვლილებებია სომხური სამოციქულო ეკლესიის სააღდგომო ლიტურგიაშიც.
„სააღდგომოდ ყველა ღონისძება ჩატარდება დახურულ კარს მიღმა, ხალხის გარეშე. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი შეძლებს ეკლესიაში შესვლას, ისიც დისტანციურად. ვუფრთხილდებით მრევლის ჯანმრთელობას და ვიცავთ ყველანაირ წესებს. ვინაიდან 9 საათზე კომენდანტის საათი იწყება ჩვენი ეკლესია 8 საათზე უკვე დაკეტილია,“ – ჩვენთან საუბრისას განმარტავს ადგილობრივი სომხური თემის მოძღვარი, იაკობ(ნორაირ) სააკიანი.
როგორი ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ჯერ უცნობია მართლმადიდებელი მრევლისთვის
„ჯერ არ ვიცით როგორ ჩავატარებთ სააღდგომო ლიტურგიას და რას გადაწყვეტს საპატრიარქო, თუმცა წირვას ეკლესიის გარეთ ვატარებთ და დაცულია დისტანციაც,“ – გვითხრა სოფელ არალის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა, მამა პანტელეიმონმა.
31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე COVID-19-ის პრევენციისთვის კარანტინია გამოცხადებული და 21:00-06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.