ადიგენის მუნიციპალიტეტიდან COVID-19-ზე გადაგზავნილი პასუხები უარყოფითია. ოჯახმა ტესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ კონტაქტი ჰქონდა წითელ ზონად გამოცხადებული სოფლის მკვიდრთან. ამის შესახებ TOK TV-ს საკუთრივ ამ ოჯახის წევრმა უთხრა.
“დღეს დილით მოვიდა ანალიზის პასუხები, არცერთს არ დაგვიდასტურდა კორონა ვირუსი. სიძე მყავს იმ სოფლიდან, სადაც ვირუსია გავრცელებული ამიტომ ჩვენი ინიციატივით ჩავიტარეთ ანალიზი. ჩვენ არცერთს დაგვიდასტურდა, ჩემს სიძეს კი მარტის თვეში ჰქონია გადატანილი,” – ამბობენ ოჯახის წევრები.
ჩვენ დავუკავშირდით ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, რუიზან ქიმაძეს. მან ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა. ოჯახის წევრები კი გვიდასტურებენ, რომ ანალიზების პასუხები მათ სწორედ რუიზან ქიმაძემ შეატყობინა.
“ადიგენის მუნიციპალიტეტი არის სუფთა, არანაირი შემთხვევა არ არის დადასტურებული. ანალიზებთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ,”– ამბობს ქიმაძე.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ქუთაისის კლინიკა “ელ-ჯის” პროფესორს ინფექციონისტ დარეჯან ხაჭაპურიძეს. სწორედ ის გახლდათ იმ პაციენტის ექიმი, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტს 12 დღის წინ სტუმრობდა და რომლის ტესტმაც უკვე გადატანილი ვირუსი გამოვლინა.
“პაციენტი ინფიცირებულის კონტაქტი იყო, რის საფუძველზეც მოვიძიეთ და ანალიზები ავუღეთ. ტესტმა მის სხეულში ანტისხეულების არსებობა დაადასტურა. მას მარტის თვეში ჰქონდა ყელის ტკივილი და ამიტომ რამდენიმე ნემსიც კი გაუკეთებია. როგორც აღმოჩნდა COVID-19 ჰქონია. ახლა გასინჯვის შედეგად ვირუსმა მას არანაირი კვალი არ დაუტოვა, გარდა ანტისხეულებისა.”
მისივე თქმით, პაციენტი გაწერილია საავადმყოფოდან და რეკომენდაციების საფუძველზე ორ კვირიან თვითიზოლაციის პერიოდს გადის.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯერ დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ 10 დღის წინ, ადიგენში ჩასულ სტუმარს COVID-19 დაუდასტურდა, თუმცა 2 საათში უარყო და აღნიშნა, რომ “შეეშალა”.