ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი დეპუტატი, ენზელ მკოიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იგი მაჟორიტარობის კანდიდატად არ წარადგინა, დეპუტატი საზოგადოებაში მარტო გამოჩნდა. ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დეპუტატი მიუთითებს მოსახლეობას დააფიქსირონ თავიანთი სურვილი და იგი კვლავ იყრის კენჭს მაჟორიტარობის კანდიდატად.
„21 წელი ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი და მე დღეს კიდევ მზად ვარ, რომ თქვენი სურვილის შემთხვევაში ისევ წარვდგე კანდიდატად. თუ თქვენ ამას მოითხოვთ არ შეგეშინდეთ არაფრის, დაე არჩევნებში მოიგოს მან, ვინც იმსახურებს,“ – ამბობს დეპუტატი.
ვიდეოში ასევე ისმის მკოიანის სიტყვები, სადაც ინფრასტრუქტურულ და სხვა პროგრამებზე საუბრობს. მკოიანის თქმით მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება მისი და მისი ძმის „წყალობით“ მოხდა და სახელმწიფო არაფერ შუაშია.
„დღეს ნინოწმინდა-ახალქალაქი ჩვენს რეგიონში პირველ ადგილს იკავებს გაზიფიცირების მხრივ, რადგან ახლო რეგიონები, როგორებიცაა ადიგენი და წალკა 20% არის გაზიფიცირებული, ხოლო ნინოწმინდა-ახალქალაქი – 80 %. ეს გავაკეთეთ ჩვენ, ძმებმა და სახელმწიფო არაფერ კავშირში იყო.”
აპირებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ან შეუერთდება თუ არა რომელიმე პარტიას? ამ კითხვით ჩვენ ენზელ მკოიანთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან TOK TV-ს ჟურნალისტის ხმის გაგონებისთანავე ტელეფონი გათიშა.
თავის მხრივ მკოიანმა გუშინდელ შეხვედრებთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტები გამოაქვეყნა,რომლითაც შეეცადა ეჩვენებინა მისი კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან.
„ნინოწმინდის რაიონის ახალგაზრდობის ინიციატივით სოფელ განძაში გაიმართა ფეხბურთის ტურნირი, სადაც მეც ვღებულობდი მონაწილეობას. კორონავირუსის პრევენციის მიზნით ეს ტურნირი 5 თვის განმავლობაში არ იმართებოდა და აი დღეს შესვენების შემდეგ ტურნირი განახლდა.“
„დღეს სოფელ სათხაში შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. ვისაუბრეთ სოფლის პრობლემებზე. შეხვედრის შემდეგ ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში გავმართეთ წვეულება,” – წერს მკოიანი. (ციტატებში დაცულია მკოიანის სტილი)
შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტშია. მათ შორის, იყო ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ისე „ქართული ოცნებიდან“ . მას ასევე უკავშირდება ახალქალაქში რამდენიმე თვის წინ მომხდარი რეზონანსული ინციდენტი, რომლის დროსაც ის იარაღმომარჯვებული ახალქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა.
ავტორები: მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი