ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
ჩვენი გადამღები ჯგუფი ქვემო ქართლში მიემგზავრება, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი იმ პროექტების მოსანახულებლად, რომლებიც შშმ პირების, ხანდაზმულების ინტეგრაციას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
CENN-ის პროექტის ფარგლებში, ქვემო-ქართლში 6 პროექტი დაფინანსდა, რომელთა ნაწილის შესახებ ამ მასალაში მოგიყვებით.
“დმანისის მხარდაჭერის სახლი”
ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი დმანისია, “მხარდაჭერის სახლი”, სადაც მოხუცებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფალი დრო პროდუქტიულად გაატარონ მიიღონ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, ისწავლონ, დაამზადონ და გაყიდონ ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარები, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ აქტივობებში, იმღერონ, იცეკვონ, მოინახულონ კულტურული მემკვიდრეობების ძეგლები და ფეხი აუწყონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
“მხარდაჭერის სახლი” დმანისის მუნიციპალიტეტში 2021 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მენეჯერი, ეკა ოქრიაშვილი გვეუბნება, რომ თავდაპირველად ცენტრი შინმოვლის პროგრამებს ახორციელებდა, ხოლო 2022 წლიდან ცენტრმა მოხუცების მიღება დაიწყო.
ამ დროისთვის შინმოვლის პროგრამაში 27 დმანისელი ხანდაზმულია ჩართული, ხოლო ცენტრში 70-მდე ხანდაზმული დადის.
ხანდაზმულები სწავლა სწავლებაშიც არიან ჩართულები, აქ თუ ახალგაზრდებისგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლობენ ასევე, თვითონაც ასწავლიან ქართულ ენას და ლიტერატურას, მათემატიკას და სხვა საგნებს.
გარდა დმანისისა, CENN-ის პროექტის ფარგლებში და ევროკავშირის დაფინანსებით ხანდაზმულებისთვის დღის ცენტრი ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთშიც, კერძოდ კი ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” ოფისში. 60+ ასაკის პირებისთვის შესაძლებელია ინგლისური ენის შესწავლა, ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა, ფსიქოლოგის და იურისტის მომსახურება.
ჩვენ ახალციხეში არსებულ დღის ცენტრშიც ვიყავით და გიჩვენებთ გარემოს და გაგაცნობთ შექმნილი შესაძლებლობებით მოსარგებლეებს.
“ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” – 30 წელი, შშმ პირების მხარდაჭერისთვის
ჩვენი შემდეგი გაჩერება კვლავ დმანისის მუნიციპალიტეტია. ამჯერად 30 წლის წინ დაფუძნებულ ორგანიზაციას ვესტუმრეთ.
მაშინ, როდესაც რეგიონში შშმ ბავშვების მხარდამჭერი ორგანიზაციები და პროგრამები არ არსებობდა, მაია ბიბილეიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად (შშმ ბავშვების მშობლები) დააფუძნა ორგანიზაცია “ბავშვი ოჯახი საზოგადოება” და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო.
ამ დროისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, შეძლეს შენობის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. ბიბილეიშვილის თქმით, გეგმავენ რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის დამატებასაც.
მაია ბიბილეიშვილის თქმით, ამ დროისთვის შესაძლებლობა აქვთ 20 განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი მიიღონ, თუმცა გეგმავენ გაფართოებასაც.
“თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი”
ჩვენი შემდგი დანიშნულების ადგილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია. ვიმყოფებით თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრში.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ცენტრი გაარემონტეს, აღჭურვეს შესაბამისი ინვენტარით, გადაამზადეს სპეც მასწავლებლები და ემზადებიან აკრედიტაციას, რათა ცენტრმა მუნიციპალიტეტში მყოფი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები მიიღოს, რომლებიც აქამდე იძულებული იყვნენ მომსახურების მისაღებად მომიჯნავე მუნიციპალიტეტში ან თბილისში წასულიყვნენ, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ორგანიზატორების თქმით, თავდაპირველად იგეგმება ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების აღრიცხვა, რის შემდეგაც სპეციალისტები გადაწყვეტენ თუ რა მომსახურება უნდა გაეწიოს ბავშვებს, იქნება ეს შინმოვლა, ბავშვების რეაბილიტაცია საჯარო ბაღებში თუ დღის ცენტრში სიარული.
მას შემდეგ რაც ცენტრი ამუშავების ნებართვას მიიღებს, სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ 20 ბავშვი მიიღონ.
CENN-მა რა ქნა
CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის“ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის’’ ფარგლებში ქვემო ქართლში არაერთი პროექტი დააფინანსა, რომელიც რეგიონში წარმატებით მუშაობს.
პროექტი, 2020 წლიდან ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობს და მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:
1. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება,
2. თანამშრომლობითი მექანიზმის შემუშავება საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განვითარებისთვის,
3. სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა
ქვემო ქართლში დაფინანსდა 6 პროექტი. ესენია:
- ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სსმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომების გაზრდის გზით (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);
- ოჯახში მარტოდ მცხოვრები დაშშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება (წალკის მუნიციპალიტეტი);
- დღის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში (დმანისის მუნიციპალიტეტი);
- თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი (დმანისის მუნიციპალიტეტი);
- თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);
- ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების გაუმჯობესებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი);
CENN-ის პროექტი საინფორმაციო მედიატორსაც მოიაზრებდა, შესაბამისად ორგანიზაციამ ქვემო ქართლში მომუშავე მედია ორგანიზაციებთან ერთად პროექტის შედეგები შეაჯამა.
პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ითვალისწინებს მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების მხარდაჭერას, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ მათ წინაშე მდგარ ფსიქო-სოციალურ გამოწვევებს.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი მუშაობს ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში და უზრუნველყოფს სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობაში.