ახალქალაქში ბავრას ტბაში დახოცილი თევზისა და წყლის ნიმუშებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სწავლობენ.
სპეციალისტებმა მოკვლევა 11 მარტს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა 10 მარტს დიდი ოდენობით გამორიყული მკვდარი თევზი ნახეს.
TOK TV-ს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუმარტეს, რომ თევზის დახოცვის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
“ვიყავით ადგილზე ავიღეთ სინჯები, როგორც თევზის, ისე წყლის. ველოდებით პასუხებს და შესაბამისად, ღონისძიებებსაც პასუხებიდან გამომდინარე გავატარებთ. პასუხები ლაბორატორიიდან შემდეგ კვირას იქნება ცნობილი”.
უწყებაში განმარტეს ისიც, რომ დიდი ოდენობის თევზი დაიხოცა, თუმცა უფრო ზუსტი მონაცემები მათთვის უცნობია.
გარემოსდაცვით საკითხებში ექსპერტის ნინო ჩხობაძის აზრით, თევზების დახოცვა შესახლოა, ჟანგბადის ნაკლებობას გამოეწვია.
“სავარაუდოდ, ეს ტბაში ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია. ტბა დაფარული იყო ერთ მეტრამდე ყინულის საფარით, ასევე სახეზე გვაქვს ტბის დაჭაობება და როგორც ვიცი, ამ ტბას წყალი არც სხვა არხებიდან მიეწოდებოდა რამაც სიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულა. ზუსტ ინფორმაცია, თუ რა მოხდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ აღებული ტესტის პასუხების საფუძველზე გვექნება. – აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.
სოფელ ბავრასთან მდებარე ტბიდან, დიდი რაოდენობით გამორიყული მკვდარი თევზი ადგილობრივებმა 10 მარტს ნახეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდა და რამ გამოიწვია მათი დახოცვა. სპეციალისტების მიერ აღებული სინჯების ლაბორატორიული პასუხები კი შემდეგ კვირაში იქნება ცნობილი.
ფოტოები © სამხრეთის კარიბჭე.