სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში – ნინოწმინდაში და ახალციხეში სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკვე შესულია. აუდიტორები მუნიციპალიტეტის 2018-19 წლების საქმიანობას სწავლობენ. ორივე მუნიციპალიტეტში აუდიტი გეგმიურად შევიდა.
აუდიტის შესვლას გვიდასტურებს ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი – „დაახლოებით ორი კვირის წინ შემოვიდა გეგმიური აუდიტი. ადგილზე უკვე მორჩნენ მუშაობას და წავიდნენ,“ – ამბობს მოსოიანი.
„ორივე მუნიციპალიტეტში ახალი შესულია აუდიტი და ჯერ შესწავლის პროცესია, რადგან აუდიტორულ პროცედურებს დრო სჭირდებათ. მუნიციპალიტეტებიდან წამოღებულ დოკუმენტაციას შესწავლა სჭირდება და შედეგები სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოქვეყნდება,“ – გვითხრა აუდიტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ტატა გამყრელიძემ.
გეგმის მიხედვით, 2020 წელს გეგმიური აუდიტი შევა – ადიგენის, ახალქალაქის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშიც.
ბოლოს მუნიციპალიტეტებში აუდიტორები 2017 წელს იმყოფებოდნენ, ხოლო ასპინძაში – 2019 წელს.
შეგახსენებთ , რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა, რომელშიც ორგანიზაციამ სავარაუდო კორუფციული რისკები დაინახა. საუბარია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე. კვლევაში მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.
ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დავუკავშირდით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარობს რამდენიმე მიმართულებით, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
ავტორი: მიშო დარბაიძე.