ადიგენში სამედიცინო ცენტრის მშენებელი კომპანია ვადების დარღვევის გამო ჯარიმდება

January 22, 2020

ადიგენში სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიას ობიექტი დღემდე არ ჩაუბარებია. მშენებლობა 20 დღეა შეჩერებულია. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უამინდობის გამო უცნობია მშენებლობის გაგრძელების და დასრულების თარიღები. ვადების დარღვევის გამო კომპანიას დღიური ჯარიმა 250 ლარის ოდენობით ეკისრება.

TOK TV დაუკავშირდა სამედიცინო ცენტრს მშენებელ ორგანიზაცია „მშენებელი 2013“-ს, მისი განმარტებით განსაზღვრული დრო არ იყო საკმარისი სამუშაოების შესასრულებლად. „ამაზე პატარა ობიექტი იყო ასპინძაში და მას ქონდა 7 თვე ვადა და მაინც არ ეყო დრო. აქ ჩვენ 4 თვე გვქონდა ვადა. თუ ბეტონი არ გაშრა, ხომ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას, თან დამატებითი სამუშაოები იყო შესასრულებელი, რამაც პროცესი შეაფერხა. ახლა ყველაფერი მზადაა და როგორც კი გამოიდარებს გავაგრძელებთ მუშაობას.“ – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ლევან დემეტრაშვილმა.

ამ ეტაპზე ჯარიმის ოდენობა უცნობია, რადგან ხარჯთაღრიცხვა ჯერ შედგენილი არ არის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები განახლებიდან 5-6 დღეში დასრულდება.

Leave a Reply