დაზიანებული გზა და ინფრასტრუქტურა ისტორიული რაბათის უბნის შესასვლელში – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ახალციხეში, ისტორიული რაბათის დასახლების შესასვლელში, სადაც “ახალციხის ციხე” მდებარეობს, საავტომობილო გზა წლებია დაზიანებულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა რედაქციამ აღნიშნულის შესახებ არაერთი რეპორტაჟი მოამზადა და ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოებიდან გზის მოწესრიგების დაპირებაც მიიღო, პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა.
რაბათის ხიდთან ამ დრომდე არის ორმო, რომელიც მცირე ნაგავშემკრების ფუნქციას თვეებია ითვისებს, დაზიანებულია ასფალტი და ტროტუარები.
გარდა ამისა, დაზიანებულია ხიდის მოაჯირები, რომელზეც წლების წინ მატარებლები გადაადგილდებოდნენ, ახლა კი – უფუნქციოა.
რაბათის დასახლების შესასვლელში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ წერენ სოციალურ ქსელშიც.
რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას და აპირებენ თუ არა ტერიტორიის მოწესრიგებას, მით უფრო როდესაც მუნიციპალიტეტში ოფიციალურად გაიხსნა ტურისტული სეზონი, ხოლო ახალციხის იგივე რაბათის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია? – მერიიდან ინფორმაციის მიღებას მეორე დღეა ველოდებით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 3 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.