აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გაფიცულებმა მუშაობა განაახლეს

February 8, 2022

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა, მუშაობა გაფიცვიდან მეხუთე დღეს განაახლეს. როგორც ისინი გვეუბნებიან, მათი მოთხოვნების ნაწილი შეასრულეს, გათავისუფლებული რამდენიმე მუშა სამსახურში აღადგინეს. რაც შეეხება ხელფასებს, გვეუბნებიან, რომ დაპირებისამებრ აპრილამდე მოიცდიან.

“დღეს ყველა გამოვედით სამუშაოდ. აპრილამდე მოვიცდით, რადგან გვითხრეს სწორედ გაზაფხულზე გადავხედავთ ხელფასების საკითხსო” – გვეუბნება ერთ-ერთი დასაქმებული, გოდერძი აბულაძე. 

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ პროექტზე დასაქმებულები ხელფასების მომატებას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, კვების საკითხების მოგვარებას, ხელშეკრულების ასლების გადაცემას და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ.  

მუშები 4 თებერვალს გაიფიცნენ. მას შემდეგ კომპანია “მაკრო კონსტრაქშენის” წარმომადგენლობას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ,რომ კომპანია დღეს ვრცელ განმარტებას გააკეთებდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. (აქცია აბასთუმანში — შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ )

აბასთუმანში შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი, 2020 წლის 11 მარტს 47 მილიონზე მეტ ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომპანიამ, რომელთაგან გაიმარჯვა შპს «ჯეო გრუპმა», რომელმაც დეპარტამენტს მშენებლობისთვის 45 მილიონამდე თანხა შესთავაზა. კომპანიამ ვალდებულებით ნაკისრი გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი 759 დღეში უნდა დაასრულოს. პროექტის განხორციელება 2020 წლის 7 ივლისს დაიწყო.