ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალსა და უდეში შობას გაზის გარეშე შეხვდებიან

December 24, 2019

„კერძს ვაკეთებდი და შუა კეთების დროს ვხედავ, რომ აღარ არის გაზი.“

24 დეკემბერს დაბა ადიგენს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს: არალი, აბასთუმანი, უდე გაზის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივთა თქმით, ამ მიზეზით სოფელ არალის სკოლაში სასწავლო პროცესის შეფერხდა.

 „15 წუთიანი გაკვეთილები ჩაუტარეს და გამოუშვეს ბავშვები, სკოლას ალბათ ჰქონდა ინფორმაცია. დღეს დილით კერძს ვაკეთებდი, 11 საათი იქნებოდა და შუა კეთების დროს ვხედავ, რომ გაზი წასულა. ორი დღე არ იქნებაო- ასე თქვეს. ჩვენ არ გავუფრთხილებივართ, თუ მოვა ძალიან ცოტა ხნითო და თან გაგვაფრთხილეს არ ჩართოთ, სახიფათო არისო. ცენტრალური გათბობა და წყალი გაზზე მაქვს. ამ დროს გაზის გარეშე რთულია.“ TOK TV-სთან საუბრისას განაცხადა სოფელ არალში მცხოვებმა.

სოფელ არალის სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე უარყოფს საგაკვეთილო პროცესის შეფერხებას და განმარტავს, რომ სკოლაში „საკმარისი ტემპერატურის“ გამო გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა.

 „გათბობს 24 საათის განმავლობაში გვაქვს ჩართული მაღალ ტემპერატურაზე და გაზის გათიშვისას სკოლაში საკმარისი სითბო იყო, იმისათვის რომ სასწავლო პროცესი არ ჩაშლილიყო. „გაზის უფროსს“ ვესაუბრე  და მითხრა, რომ შესაძლოა დღის მეორე ნახევარში არალში და უდეში გაზის მიწოდება აღდგეს, მაგრამ ზუსტ პასუხს მეც ველოდები.“

მომხდარის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ ცენტრალური მილის დაზიანების გამო გაზის მიწოდება ორი დღით შეიზღუდა. თუმცა „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელის განმარტებით დაბა ადიგენს, აბასთუმანს და სოფელ უდეს გაზის მიწოდება გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეუწყდა და არა დაზიანების გამო.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მიწოდება 27 დეკემბერს დაახლოებით 18:00 საათისთვის აღუდგებათ. მათივე განმარტებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო  შეტყობინებები გაიგზავნა, თუმცა სოფელ არლის მცხოვრების განცხადებით მას მსგავსი სახის შეტყობინება არ მიუღია.

 „შეტყობინებებიც იყო გაგზავნილი, წინასწარ გავაფრთხილეთ მოსახლეობა. სოფელი არალი ამ სიაში არ არის. სავარაუდოდ სოფლების სიახლოვის გამო არის გათიშული არალშიც გაზი და პროგრამულად არ ფიქსირდება,“- გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზში.“

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში და უდეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მომდევნო ოთხი დღის  ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:

სამშაბათი 24.12.2019 : დღე +9 – ღამე – -1 (მცირე მოღრუბლულობა)

ოთხშაბათი 25.12.2019 : დღე +10 – ღამე – +1 (მცირე მოღრუბლულობა)

ხუთშაბათი 26.12.2019 : დღე +8 – ღამე – +1 (მცირე მოღრუბლულობა)

პარასკევი 27.12.2019 : დღე +5 – ღამე – +1 (ძირიადად მოღრუბლული თოვლთან ან წვიმასთან ერთად)

Leave a Reply