ადიგენში გაფიცული მუშების ნაწილი სამსახურში ძველი პირობებით დაბრუნდა

July 19, 2023

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული 14 ადიგენელი, რამდენიმე კვირიანი გაფიცვის შემდეგ, სამსახურში დაბრუნდა, დანარჩენმა 6-მა დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლის ვიტალი გიორგაძის თქმით, სამსახურში დაბრუნებულ თანამშრომლებს ხელფასიდან  დაკლებული თანხა ჩაერიცხათ. დანარჩენ ექვსს კი არა. საკითხზე ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. ასევე, განიხილავენ შრომითი პირობების გამო დავის დაწყებას.

ექვსთაგან ერთ-ერთი გაფიცული ასევე გვეუბნება, რომ კომპანიისაგან თანხის ჩარიცხვას თვის ბოლომდე დაელოდებიან, შემდეგ კი სასამართლოს მიმართავენ.

ადიგენელი მუშების საქმე ცნობილია შრომის ინსპექციისთვისაც, თუმცა აქ ერთ კვირაზე მეტია ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ 50-მდე ადამიანი, რომელიც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობაზე იყო დასაქმებული ხელფასის მატების და დანაკლისის ანაზღაურების მიზნით კვირების განმვალობაში გაფიცული იყო. გაფიცულთა უმრავლესობა სამსახურში იგივე ხელფასზე დაბრუნდა, დღეში 38 ლარი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზებზე სამუშაოებს კომპანია “სინოჰიდრო” აწარმოებს. ის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერით შეარჩია და  ხელშეკრულება 2020 წელს, 96 მილიონამდე ლარზე გაუფორმა.