ადრეული ქორწინება საქართველოში და ქალები განათლების პერსპექტივის გარეშე

October 29, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო გამოყენებულია სტატიიდან “საზოგადოება და ურთიერთობები”

„ჩვენი სოფლიდან ერთი გოგო მამამ 10 ძროხად მიჰყიდა 45 წლის კაცს, ამ გოგოს არ უნდოდა ამ კაცზე გათხოვება და სხვასთან ერთად გაიპარა სახლიდან,”- ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში. აღწერილი შემთხვევა  ლაგოდეხში მოხდა.

ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დღემდე ვხვდებით.  გენდერული უთანასწორობა, სიღარიბე, ინფორმაციის ნაკლებობა სქესობრივი ცხოვრებისა და რეპროდუქციული სისტემის შესახებ – აღნიშნული გარემოებები, სპეციალისტების შეფასებით, ნაადრევი ქორწინების მიზეზთა ნაწილია.

ნაადრევი ქორწინების შემდეგ გოგონები სკოლას ტოვებენ, არასრული საშუალო განათლებით.  ქალთა უფლებების აქტივისტი იდა ბახტურიძე  ამბობს, რომ  ადრეული ქორწინებით გამოწვეული ერთ-ერთი  დიდი პრობლემა პირადი გადაწყვეტილების უფლების დაკარგვაა.

 ნაადრევი ქორწინების გამო რომ ქალები საშუალო განათლების გარეშე რჩებიან, ამას ადასტურებს  სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვით დაოჯახების მიზეზით სასკოლო განათლების მიღება 2020 წელს 19-მა გოგომ შეწყვიტა.  როგორია 2022 წლის მონაცემი, ამ საკითხზე განათლების სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

ადრეული ქორწინების უარყოფით შედეგებზე საუბრობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ნანუკა ავალიანი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადრეული ქორწინების მიზეზით, გოგონები სრულფასოვან ცხოვრებას ვერ ახერხებენ ,რადგან  მათ თვითრეალიზების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

დავინტერესდით როგორი ვითარებაა კონკრეტულად  წალკაში და რამდენმა გოგომ შეწყვიტა ამ მუნიციპალიტეტში ქორწინების მიზეზით სასკოლო განათლების მიღება.  როგორც მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი სპეციალისტი ვაჟა მარკოიძე გვეუბნება, ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი 7 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2-მა გოგონამ სწავლა მოგვიანებით მაინც განაგრძო. განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით,  წალკის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 1 ივნისამდე სხვადასხვა მიზეზით  სულ  27 -მა გოგონამ შეწყვიტა სწავლა. რა კეთდება იმისთვის, რომ ტენდენციამ იკლოს?საკითხზე წალკის განათლების რესურცენტრის სპეციალისტი ვაჟა მარკოიძე გვესაუბრება.

გარდა განათლების შეწყვეტისა ნაადრევი ქორწინება უარყოფით გავლენას ახდენს ქალთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და რეპროდუქციულ სისტემებზე,– ამის შესახებ  ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე გვესაუბრება.

2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 800-მდე 20-დან 24 წლამდე ქალი გამოიკითხა, დადგინდა რომ  მათგან ყოველი მე-7 ნაადრევად იყო დაქორწინებული. კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდთან  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად კვლევა  ჩაატარა.

 სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2011-დან 2013 წლის იანვრამდე განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე  ნაადრევი ქორწინების გამო 7367-მა გოგონამ შეწყვიტა.

ომბუდსმენის მომდევნო წლების ანგარიშებში შემდეგ მონაცემებს ვხვდებით: ანალოგიური მიზეზით სწავლა 2016 წელს 259 გოგომ შეწყვიტა. 2020 წელს 19-მა.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.