“არ უნდა მიიღოს ტენდერებში მონაწილეობა?” – ტალახაძეს პასუხი TI-ს კვლევაზე

April 25, 2023

ახალციხის სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის ოჯახის წევრების კომპანიებმა ბიუჯეტიდან ბოლო ორ წელში 9 მილიონამდე ლარი მიიღო, – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს. ტალახაძე ასევე არის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.

კვლევის მიხედვით, მიღებული თანხიდან, 3 მილიონამდე ახალციხის მერიიდან დაერიცხა, მათ შორის 2 მლნ. 300 ათასამდე უკონკურენტოდ და პირდაპირი შესყიდვების საფუძველზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ნოდარ ტალახაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული შპს „არალის“ 25% წილის მფლობელის, ეკა თათეშვილის მამამთილია. იგი ასევე ფლობს შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯიას“, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს (ნოდარ ტალახაძეს შვილი) გაუფორმა.

კვლევის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებში, კომპანიამ უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო, ერთი გამონაკლისის გარდა. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო.

რამდენად ეთანხმება კვლევაში მოყვანილ ინფორმაციას ნოდარ ტალახაძე? – ამის გასარკვევად ჩვენ მას დავუკავშირდით. პასუხი შემდეგია: “არ უნდა მიიღოს ტენდერებში მონაწილეობა?” – და ტელეფონი გაგვითიშა.

ჩვენ ასევე ვცდილობთ შემოგთავაზოთ, მერის, ირაკლი ლაზარაშვილის პოზიციაც. მასალა შესაბამისად განახლდება.