Გალელ სტუდენტებს რუსეთში განათლებისკენ უბიძგებენ – DRI-ს ანგარიში

April 24, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

გალსა და სოხუმში გაძლიერებული კონტროლის ძირითად სამიზნედ სტუდენტები იქცნენ, -ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში წერია.

ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ის მთავარი დოკუმენტია, რომლის გარეშეც ადამიანები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხვდებიან და რომლის მოპოვებაც ენგურს გაღმა მყოფებისთვის სირთულეა.

ამას ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთი სტუდენტი.  ჩვენი წყაროს თქმით: “ ძალიან გაჭირდა ე.წ ბინადრობის მოწმობის აღება, თვეები იწელება, ითხოვენ 5 წელი მაინც მუდმივად აქ რომ იყავი ეგ დაგვიდასტურეო. იმათ ვინც ახლა გახდა სრულწლოვანი და უნდა მისცენ, უწელავენ დროს საშინლად”.

გალელების უმრავლესობის დროებითი გადაადგილების დოკუმენტებს 5 წლიანი მოქმედების ვადა 2023 წლის დასაწყისიდან ამოეწურა. მათ შორის არიან მაგისტრატურის სტუდენტებიც.

DRI-ს დასკვნით, ადგილობრივი ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ახალი  მოთხოვნა, ყველა გალელს ჰქონდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი,  გალის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას განათლების მიღებაში, დასაქმებაში ხელს უშლის. მას “ხელოვნურ დაბრკოლებას” უწოდებს  ორგანიზაციის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.  

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული ახალი კანონის მიზანია, სტუდენტები აიძულონ სასწავლებლად რუსეთში წავიდნენ და არ მოხვდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, – ამბობს ჩვენი წყარო ოკუპირებული ტერიტორიიდან.  “ აქ 90 პროცენტი პროქართულადაა განწყობილი”,- გვეუბნება ის.

Პრორუსულ ინტერესებზე საუბრობს უჩა ნანუაშვილიც.

გაძლიერებული კონტროლი მხოლოდ გალელებს არ ეხებათ. დე- ფაქტო უშიშროების სამსახურში ზოგჯერ დაკითხვაზე იბარებენ ასევე ეთნიკურად აფხაზ პირებს, რომლებიც რაიმე მიზეზით მიემგზავრებიან უცხოეთში,- აღნიშნულია  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ანგარიშში.