“რა მდგომარეობაა სამცხეში სარწყავი სისტემის მხრივ და როგორ ვხვდებით სეზონს?” – შეკითხვა სოფლის მეურნეობის მინისტრს

April 24, 2023

სამცხე-ჯავახეთში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა ამ დრომდე გამოწვევად რჩება. როგორც ახალციხის სოფლებში, გიორგიწმინდაში, მინაძეში და ვალეში მცხოვრებლები ჩვენს რედაქციასთან ამბობენ, სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სწორედ იმ პერიოდშია, როდესაც მოსავალის მორწყვის სეზონი იწყება.

რა მდგომარეობაა სამცხეში სარწყავი სისტემის მხრივ და როგორ ვხვდებით სეზონს? – კითხვა სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას დაუსვა.

მინისტრმა დეპუტატის საპასუხოდ განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში ობიექტების უმეტეს ნაწილზე მელიორაციის პროცესი დასრულებულია, ზოგიერთში კი – გეგმავენ.

აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წნისის, ორალის, ღრელის, და ანას მოსახლეობამ მიმდინარე წელს, სოწრედ სარწყავი სისტემის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ითხოვა.

ახალციხის, ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რამდენ სოფელშია მოწყობილი სარწყავი წყლის სისტემა და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის, რამდენი სოფელია წყლის სისტემის გარეშე და რამდენ სოფელში იგეგმება მოწყობა – აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ საჯარო ინფორმაცია თოთოეული მუნიციპალიტეტიდან გამოვითხოვეთ.