ახალქალაქში 5 პირის დაჭრაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – პროკურატურა

September 2, 2022

ახალქალაქში მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და მცირეწლოვან შვილს.

შემთხვევა 2021 წლის 11 დეკემბერს მოხდა. დამნაშავეს ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა.