ახალშენის რიტუალების სახლის სახურავის რეაბილიტაცია დაზიანებიდან 1 წლის შემდეგ დაიგეგმა  #ტენდერი

March 27, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში რიტუალების  სახლის სახურავის რეაბილიტაცია იგეგმება, -ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გვერდზეა განთავსებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სამუშაოსთვის 25 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებული სახურავიდან დაზიანებულ ხის მასალას აიღებენ და  ახალ, ისევ ხის კონსტრუქციას მოაწყობენ.  

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის უფროსის თქმით, თანხა თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

დავინტერესდით, რამ დააზიანა რიტუალების სახლის სახურავი. როგორც სოფელში მერიის წარმომადგენელმა შოთა მარკოიძემ გვითხრა, მიზეზი წინა წელს მოსული თოვლია. მისივე თქმით, რეაბილიტაციას რიტუალების სახლის შიდა სივრცეც საჭიროებს. ბოლოს ის 2-3 წლის წინ გარემონტდა.

Გასულ წელს თოვლისაგან დაზიანებული სოფლის ერთადერთი რიტუალების სახლი, ამორტიზებული სახურავის გამო მთელი წელი უფუნქციოდ იყო, ხოლო შიდა სივრცეში დაზიანების გამო წყალი ჩაედინებოდა. 

სატენდერო წინადადების მიღება მიმდინარე წლის 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.