78 ათასამდე ლარი სოფელ  იმერასა და დაბა ბედიანის წყალმომარაგებისთვის #ტენდერი

March 24, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

Წალკის სოფელ იმერასა და დაბა ბედიანში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული სისტემების რეაბილიტაცია იგეგმება. 

სოფელ იმერაში წყალმომარაგების რკინა-ბეტონის რეზერვუარის  მოწყობა და დაბა ბედიანში  წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლისთვისაც 78 ათას ლარამდე თანხაა გამოყოფილი, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდიდან ირკვევა.

სოფელ იმერაში მერის წარმომადგენლის ერმენტო გაბულდანის ცნობით, 85 ოჯახი ცხოვრობს, წყლის რეზერვუარით ისინი გასული წლიდან ვერ სარგებლობენ, მას შემდეგ რაც ის შარშან დაზიანდა.

რაც შეეხება დაბა ბედიანს, აქ მერის წარმომადგენელმა ზვიად ხაფავამ გვითხრა, რომ სოფლის ერთ ნაწილი მდინარიდან მომდინარე და შემდეგ გაფილტრული წყლით სარგებლობს, – აქ წყალშემკერების სახურავია დაზიანებული. 

მეორე ნაწილი წყაროს წყალს იყენებს, სადაც წყალშემკრების დამატებაა დაგეგმილი.

მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაბა ბედიანში 133 ადამიანი ცხოვრობს.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 6-14 აპრილს იწარმოებს. გამარჯვებულ კომპანიას შესასრულებლად კი ვადა 2023 წლის 30 სექტემბრამდე აქვს.