ვალეში, სტალინის ქუჩაზე N1 კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება

March 24, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში სტალინის ქუჩაზე არსებული N1 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 125 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება არსებული სახურავის, მოაჯირების, კარ-ფანჯრების დემონტაჟი და ახლით შეცვლა.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, კომპანიამ, რომელიც სამუშაოების შესრულების ვალდებულებას აიღებს, 16 კვირის ვადაში უნდა მოაწესრიგოს გარე ფასადიც.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მათივე ცნობით, კორპუსის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, «მოსახლეობის მოთხოვნის და არსებული საჭიროებების მიხედვით მიიღეს.”

მათივე თქმით, ეტაპობრივად იგეგმება სხვა კორპუსების რეაბილიტაციაც.

წინადადებების მიღება 25-28 მარტს იწარმოებს.