ახალციხეში აუზის მშენებლობას “ოცნების” შემწირველი კომპანია დაასრულებს – ტენდერი  

December 12, 2022

ახალციხეში, ნახევრად აშენებული და შეწყვეტილი სპორტული კომპლექსის და აუზის მშენებლობას დაასრულებს ის კომპანია, რომელმაც, 2017 წელს 40 ათასი ლარი “ქართულ ოცნებას” შესწირა, – მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს “არალთან” ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ დარჩენილი სამუშაოები 13 თვეში უნდა დაასრულოს, ანუ ახალციხეში საცურაო აუზი შესაძლოა 2023 წლის ბოლოს უკვე დასრულებული იყოს, რომლისთვისაც 11 მილიონ 300 ათას ლარამდე თანხის დახარჯვა იგეგმება.

დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ კომპანია”არალთან” დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია.  

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, რომელსაც ჩინური კომპანია, “ნანთონ სანძიებ ჯორჯია” ახორციელებდა, თუმცა რამდენიმე თვეში მშენებლობა შეწყდა და კომპანია ქვეყნიდან გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამუშაოების ნაწილი შესრულებული ჰქონდა და თანხის 41 % გახარჯული, ფონდმა ხელახალი ტენდერი თითქმის იმავე თანხაზე გამოაცხადა, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული იყო.

ფონდი ასევე აუზის მშენებლობას გეგმავდა ზუგდიდშიც. მისი მშენებლობაც “ნანთონ სანძიენ ჯორჯიამ დაუწყო და ახალციხის მსგავსად შეაჩერა. ფონდის მიერ გამოცხადებული ხელახალი ტენდერის დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ კონკურსში ერთადერთ მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური ხარვეზების გამო მიენიჭა.

რატომ გახდა საჭირო ნახევრად აშენებული კომპლექსისთვის იგივე თანხის გამოყოფა, რამდენიც თავდაპირველად იყო? – მუნიციპალური განვითარების ფონდიდან პასუხის მიღებას ველოდებით.