ახალციხის ბაზარი დაკეტილია

April 27, 2020

დღეს ქვეყანაში აგრარული ბაზრები გაიხსნა, თუმცა ახალციხის ბაზარი ამ დრომდე დაკეტილია. ამის შესახებ TOK TV-ს ბაზრის დირექტორმა, ვახტანგ ქართველიშვილმა უთხრა.

რა მიზეზით არ გაიხსნა ბაზარი და როდის ამოქმედდება იგი ადმინისტრაციაში არ გვითხრეს.

რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე კი ჩენთან საუბარში განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ღია ტიპის ბაზრებმა აღადგინა მუშაობა, ახალციხის ბაზარი კი – დახურული ტიპისაა.

“დასაშვებია მხოლოდ ღია ტიპის ბაზრების მუშაობა. ახალციხის ბაზარი არის დახურული და ამიტომ ვერ განაახლა ფუნქციონირება. ასევე, ბაზარს აქვს სურსათს ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებები და როგორც ვიცი ჯერ კიდევ მუშაობენ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე,” – ამბობს მიქელაძე.

ეს ერთადერთი აგრარული ბაზარია, რომელიც ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს.

დღეს საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. მათ შორისაა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს ახალციხის ბაზარი სრულიად დაიხურა.

29 მარტს კი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა.

Leave a Reply