ახალციხის საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა-TI

July 27, 2023

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2021 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალციხის საკრებულომ საჯარო ინფორმაცია მათ შორის  დეპუტატების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის ოქმები არაერთგზის არ გასცა.

დოკუმენტის თანახმად, შეფასების მომზადებისას საკრებულომ ორგანიზაციას არ მიაწოდა საკრებულოსა და კომისიების სხდომების ოქმები, აგრეთვე საჯარო ინფორმაცია ამ სხდომებზე  დეპუტატების დასწრება-გაცდენის, სიტყვით გამოსვლის, ასევე, დეპუტატების მიერ მერისა და სხვა თანამდებობის პირების საკრებულოში დაბარების და მათი მხრიდან მერიაში წერილობით გაგზავნილი შეკითხვების, ან წინადადებების შესახებ.

ასევე, არ მიაწოდა ინფორმაცია თუ რამდენი საკითხი დადგა სულ კენჭისყრაზე და მათ შორის რომელ საკითხს, რომელმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.

რატომ არ გასცა ორგანომ საჯარო ინორმაცია და დეპუტატების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის ოქმები? კითხვით ჩვენ ახალციხის საკრებულოს დავუკავშირდით. მათ პასუხის მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვეს . უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ რედაქცია თემას დაუბრუნდება.