გზა ტრანსპორტის გარეშე – სოფლები წალკაში, სადაც მხოლოდ კერძო ავტომობილით მოხვდებით

December 29, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

სანთა, თეთრწყარო, არჯევან-სარვანი – წალკის ამ სოფლებში წლებია არც შიდა და არც საქალაქო ტრანსპორტი დადის. მოსახლეობას  დანიშნულების ადგილზე მისვლა მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით შეუძლია. 

ერთ-ერთ ადგილობრვი, არჯევან – სარვანში მცხოვრები გალიფ უზუნალოვი გევუბნება, რომ მისი  სოფლიდან წალკის მიმართულებით მოძრავი არც კერძო და არც მუნიციპალური ავტობუსი ათ წელზე მეტია   არ უნახავს.

ფაქტს, რომ წალკის სოფლების ნაწილში შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს მერიაც ადასტურებს. Უწყებისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, პასუხის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება წალკის 32 სოფელს. ესენია:

 კოხტა, ჩრდილისუბანი, ხარება, არ-სარვანი, ჩოლიანი, გოდაკლარი, ბარეთი, საბეჭისი, ლივადი, იმერა, ბეშთაშენი, სამადლო, ახალშენი, დაბა ბედიანი, დაბა ხრამჰესი, დაბა თრიალეთი, კავთა, ჩივთ-კილისა, თამალა-ხარაბა, წინწყარო, სანთა, აიაზმა, ბურნაშეთი, დაშბაში, თეჯისი, კიზილ-კილისა, კაბური, ნარდევანი, ბერთა , ოზნი, ხაჩკოვი, არწივანი.

 ბედიანი-ხრამის მიმართულებით ტრანპორტის საჭიროებაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას  საკრებულოს დეპუტატმა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მალხაზ მგელაძემ ისაუბრა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მერია  მიმდინარე წელს 2  მუნიციპალური ავტობუსის შეძენას გეგმავს, ორს კი რუსთავის მერია გადასცემს. 

2023 წლის ბიუჯეტის  პროექტის მიხედვით,  წალკის მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებისთვის 120 000 ლარი აქვს გამოყოფილი. თანხა უკვე არსებული ტრანპორტის საჭიროებებს მოხმარდება.

აპირებს თუ რა მერია უტრანსპორტოდ დარჩნილ 32 სოფელში ტრანპორტის დანიშვნას? მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამირან საყვარელიძე იმას გვეუბნება, რომ უახლოეს მომავალში წალკას რუსთავის მერია გადასცემს 3 მუნიციპალურ ავტობუსს, თუმცა, რომელ სოფლებს მოემსახურება ის, არ იცის. 

ტრანსპორტის გამოყოფის საკითხზე კითხვები დავუსვით მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს ფრიდონ გვარლიანს. მან  წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსადგურთან დაკავშირება გვირჩია. 

ავტოსადგურში გვეუბნებიან, რომ  მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნა ადგილობრივებს არ აქვთ და თუ მსგავსი იქნება, ავტოსადგური  ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით მერიას მიმართავს.  

სადგურის მოლარე -დისპეჩერი  ვიოლეტა უშხვანი გვეუბნება, რომ ქალაქ წალკისკენ მიმავალი მარშუტები თითქმის ყველა სოფელს გაივლის, გარდა სამისა. ესენია :სანთა, თეთრწყარო, არჯევან-სარვანი.

 ავტოსადგურის  წარმომადგენლის, პაატა ლომთაძის ცნობით,  მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სულ 14 კერძო მიკროავტობუსი ემსახურება. აქედან ორი  თბილისის მიმართულებით დადის, დანარჩენი 12 კი ადგილობრივ სოფლებს და ქალაქ წალკას ფარავს. თბილისის მიმართულებით მგზავრობა 13 ლარი ღირს.  სოფლების მიმართულებით კი  ადგილობრივებს  დანიშნულების ადგილის მიხედვით 50 თეთრის, ლარის ან 2 ლარის გადახდა უწევთ.