გორელოვკაში წყლის მიერთებების გამო მოსახლეობამ ფული შეკრიბა

January 29, 2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებლებმა 25-25 ლარი შეაგროვეს და მათივე განმარტებით,  წყლის მილების მიერთების მიზნით ტრაქტორისტს გადაუხადეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ტექნიკის დაქირავება წყლის გარშე დარჩენილი მოსახლეობისთვის ცენტრალურ მილზე დასაერთებელი სამუშოაბისთვის დასჭირდათ.

„წყალი არ ჩაუჭრიათ ისევ ისე დარჩა, მაგრამ ვისაც წყალი არ მიეწოდებოდა ცენტრალურზე მიაერთეს და სოფელში ახლა ყველა ოჯახშია წყალი,“ –  განმარტავს TOK TV-სთან საუბრისას სოფელ გორელოვკაში მცხოვრები.

გორელოვკაში წყლის უკანონო მიერთებების ჩაჭრა და მილების რეაბილიტაცია გაზაფხულამდე გადაიდო. მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა TOK TV-სთან საუბრისას  მიერთებების ჩაჭრისა და რეაბილიტაციის გადადების მიზეზად თოვლი და ყინვა დაასახელა. მოსახლეობაში პროლემის გადაჭრის მიზნით შეკრებილი თანხის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.

„წყლის მილების გადაჭრებს და მიერთებებს შესაბამისი პროექტის მომზადება და ტენდერზე გაშვება ესაჭიროება, ამ ზამთრის პირობებში ნინოწმინდაში შეუძლებელია მილების რეაბილიტაცია და ახალი დაქსელვა. ამიტომაც გადაიდო გაზაფხულამდე,“-ანივარდ მოსოიანი.

საპროექტო გეგმის შედგენა ჯერ არ დაწყებულა და ამ ეტაპზე სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის. მოსოიანის განმარტებით, სამუშაოები სავარაუდოდ მაისში განახლდება.

წყლის პრობლემის გამო 20 იანვარს გორელოვკას მოსახლეობამ საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მთავარი გზა გადაკეტეს, სოფელში წყალი მხოლოდ რამდენიმე ფერმერს მიეწოდებოდა. ერთ-ერთი ფერმერი ნინოწმინდის საკრებულოს დავმჯდომარე სუმბატ კურეღიანი იყო.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი მოსახლეობას უკანონო მიერთებების ჩაჭრას და წყლის ქსელის რეაბილიტაციას დაჰპირდა.

სწორედ წყლის პრობლემის გამო მოხდა 16 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარესა და გორელოვკას მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება.

აღნიშნულზე შსს-მ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Leave a Reply