დაზიანებული კედელი სომხური სასაფლაოს მიმდებარედ, რომლის შესახებაც დასმული კითხვა “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ახალციხეში, კედლით შემოსაზღვრული სომხური სასაფლაოს ეზოს ერთ-ერთი მონაკვეთი გადახრილია. დაზიანებულია უშუალოდ კედლის ნაწილებიც, ქვები ჩამოშლილია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
როგორც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჰამბარცუმ ბაბოიანმა 27 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, კედელი არის ავარიულ მდგომარეობაში და იკითხა მიმდინარე წელს იგეგმება თუ არა მისი რეაბილიტაცია.
სწორედ ეს კითხვა გახდა ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.
როგორც ჩვენს მედიას არაერთი დამოუკიდებელი წყარო უყვება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჰამბარცუმ ბაბოიანი, ამ შეკითხვის დასმის გამო “დაისაჯა” და მას სხდომის დასრულების შემდეგ, ჯერ მერმა, ვარლამ წიკლაურმა “უსაყვედურა” ხოლო შემდეგ, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი, კარლენ მანასიანი მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდა.
საუბარია პირზე, რომლის წინააღმდეგაც ძალადობის ბრალდებით 2016 წელს საქმე იყო აღძრული. იმ პერიოდში მანასიანი ახალციხის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ჩვენ პროცესში მონაწილე ყველა პირს დავუკავშირდით, მანასიანი ჩვენთან საუბარში ბრალდებას უარყოფს და ალოგიკურს უწოდებს. საკუთრივ ბაბოიანი კი ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს.
მერი, ვარლამ წიკლაური ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ჩვენ ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საბა კბილაშვილს, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. შსს-ში კი გვეუბნებიან, რომ ჯერ “საკომენტარო” არაფერი აქვთ და სიახლის შემთხვევაში თავად დაგვირეკავენ.
რაც შეეხება სომხური სასაფლაოს კედლის რეაბილიტაციას, როგორც საკრებულოს სხდომაზე, ახალციხის მერიის, არქიტექტურის სამსახურის წარმოამდგენლემა, ქეთევან თედორაძემ ბაბოიანსსაკრებულოს სხდომაზევე უპასუხა, კედლის რეაბილიტაცია ჯერ არ იგეგმება, რადგან წელს ახალციხის მერიის ბიუჯეტში, სომხური სასაფლაოს რეაბილიტაციის ფული არ აქვთ გათვალისწინებული.