დამტვრეული და დაბურული საგზაო საორიენტაციო სარკეები ახალციხეში

June 27, 2023

ეს ახალციხე-ვალეს და ადიგენის გზაგასაყარია. თქვენ კადრში მანქანებისთვის საგზაო საორიენტაციო სარკეს ხედავთ. წესით აქ მკვეთრად უნდა ჩანდეს საავტომობილო გზა და მძღოლს საპირისპირო მხრიდან მისკენ მომავალ ავტომობილს უჩვენებდეს, თუმცა სარკე ჩამომტვრეულია და ამ მოვალეობას ვერ ასრულებს.

მსგავსი მდგომარეობაა ქალაქის სახიფათო მოსახვევების ნაწილშიც. მაგალითად, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე და მარდის დასახლებაში საორიენტაციო სარკეები სრულად ჩამომტვრეული ან დაბურულია.

აქვთ თუ არა ინფორმაცია პრობლემის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, აპირებენ თუ არა და როდის საკითხის მოგვარებას? – უწყებაში ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრეს, ხოლო მოგვწერეს, რომ ციტატა:

“გზების მოვლა-პატრონობის ფარგლებში ახლა იხაზება ქალაქი, სარკეებიც უახლოეს მომავალში შეიცვლება.”

პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი, ირაკლი იზორია გვეუბნება, რომ არსებობს ანტივანდალური სარკეები, რომლებიც დარტყმას უძლებს და ნაკლები შანსია მისი დაზიანების. მისივე თქმით, დაზიანებული სარკეები ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივ ააიპ “ახალციხის სერვისცენტრისთვის” 2 მილიონ ნახევრამდეა გაწერილი. მათ მოვალეობაში სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად საგზაო ნიშნების მოვლა-პატრონობაც არის გათვალისწინებული.