კეზერაშვილი გლობალური თაღლითური სქემის უკან – BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება

April 12, 2023

BBC-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მოქმედი თაღლითური ქსელი გამოააშკარავა , რომელსაც   პენსიონერებისა და რიგითი ადამიანების  მოტყუებით მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მითვისებული. BBC წერს, რომ  ქსელის უკან დავით კეზერაშვილი დგას.

BBC აღნიშნავს, რომ თემაზე მუშაობისას ვერ მოხერხდა ღია  დოკუმენტების მოკვლევა, რომლებშიც დავით კეზერაშვილი უშუალოდ იქნებოდა მოხსენიებული, თუმცა, კიბერთაღლითური სქემებისა და ყალბი ქოლ-ცენტრების კომპანია Milton Group-თან კეზერაშვილის კვალი სოციალური ქსელებით და ანგარიშების შესწვალით გამოააშკარავა. კერძოდ, BBC -ს  მიხედვით, კეზერაშვილი ხშირად ეწევა თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. 

მაგალითად, სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე თავის ანგარიშს, ფაქტობრივად, მხოლოდ ამ ტიპის სამუშაო ადგილების რეკლამისა და Milton-თან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად იყენებდა.  BBC-ს თანახმად, გამოკვლეულია კომუნიკაციის სერვერებიც, რომელიც ასევე ადასტურებს კავშირს, ასევე მედიას ჰყავს წყაროები თავად Milton Group-დან ყოფილი თანამშრომლების სახით , რომლებიც BBC უდასტურებენ დავით კეზერაშვილთან კავშირს.

კეზერაშილის ადვოკატის განცხადებით, (როგორც საგამოძიებო მასალაში ვკითხულობთ) ციტატა: “მასალები, რომელთაც BBC-იმ მიაგნო და რომლებიც კავშირებზე მეტყველებდნენ, სინამდვილეში არაფერს არ ამტკიცებდნენ.” საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, იმედი აქვს, დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა, რათა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასჯელი მოიხადოს.

ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საკითხი შემოგდებულია, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი და რიკოთზე არსებული ვითარება.

2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია ,,ფორმულას 51% მფლობელი დავით კეზერაშვილი დღესაც აქტიურად მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში.