კიბეები, რომლის საშუალებითაც, ახალციხეში, მეორე საჯარო სკოლასთან მოხვდებით დაზიანდა

June 27, 2023

კიბეები, რომლის საშუალებითაც, ახალციხეში, მეორე საჯარო სკოლასთან მოხვდებით და რომელიც ასპინძის ქუჩას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს დაზიანდა. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, კიბეებზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. შიშობენ, რომ შესაძლოა საფეხურები სრულად ჩამოიშალოს.

დაზიანებების შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის მერიაშიც. უწყებაში გვეუბნებიან, რომ კიბეების ჩამოშლა გასულ კვირას, რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ააიპ ახალციხის სერვის ჯგუფის წარმომადგენლები და კიბეების მოწესრიგებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ააიპ სერვის ჯგუფისთვის, სადაც 170-მდე პირი მუშაობს, 2 მილიონ ნახევრამდე ლარია გათვალისწინებული.

ააიპის ვალდებულებებში შედის ქალაქის დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება-გატანა და კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის მოვლა, აღდგენა, რეაბილიტაცია, სანაგვე ბუნკერების შეკეთება და აღდგენა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, საპირფარეშოების მოვლა-პატრონობა და აღდგენა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე უპატრონო ცხოველების იმუნიზაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია და ადმინისტრაციული შენობების დასუფთავება.