ნინოწმინდის პანსიონიდან გამოსულმა ახლალგაზრდა ქალმა ოჯახის ქონება დაიბრუნა- საფარი

May 25, 2023

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტები მამისგან დანატოვარი სახლის სამართლებრივი გზით დაბრუნებაში დაეხმარნენ. 

“საფარის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 20 წლისაა. მასთან მუშაობა ორგანიზაციის იურისტებმა 2021 წელს, პანსიონის დატოვებიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი და თავს მეგობართან აფარებდა.  

ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2023 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღსაზრდელებს, რომლებიც პანსიონს  ტოვებენ, არ აქვთ ის უნარ-ჩვევები რომლებიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელია. “იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ელემენტარული საკვების მომზადება უჭირდათ, მაღაზიაში შესვლა და პროდუქტის ყიდვაც კი.მათ არანაირი ქონება არ გააჩნიათ და  არც შესაძლებლობა აქვთ, რომ რაიმე ქონებაზე იდავონ. პანსიონების ყოფილი აღსაზრდელების დიდი ნაწილი  ქირით ცხოვრობს.” 

როგორც “საფარის “ იურისტი ცირა ჯგერენაია ამბობს, ამ ეტპაბზე ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში 15 ბავშვი იმყოფება. ამბობს, რომ სურდათ კომუნიკაცია ბავშვებთან თუმცა სივრცე ისევ დახურულია და ბენეფიციარებს მხოლოდ სოციალურ მუშაკებთან აქვთ კომუნიკაცია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 13 აპრილს საფარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის პანსიონის 5 ბენეფიციარის სახელით მიმართა.  

ორგანიზაცია სასამართლოსგან ევროპული კონვენციის მესამე და მერვე მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს, რაც წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, პირადი, ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას გულისხმობს.