ტენდერი დუმილით- ლელაშხას დასახლებაში პარკის მოწყობა იგეგმება, მერიაში საკითხზე არ საუბრობენ

May 25, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში პარკის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც გარდაბნის მერია 350 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

პარკში გათვალსიწინებულია მწვანე ნარგავების მოწყობა, ასევე ტრენაჟორების და სხვა ტიპის სამუშაოების განხორციელება.

დავინტერესდით, ლელაშხას დასახლებაში პარკის მოწყობა რა პრიორიტეტით დაიგეგმა და ამ ეტაპზე, დასახლებაშუ არის თუ არა მსგავსი სივრცე. გარდაბნის მერიის პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ, ინფრასტრუქტურის სამსახურმა კი შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 2-დან 7 ივნისამდე იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 3 დღეში უნდა დაიწყოს და 180 კალენდარულ დღეში შეასრულოს.