“პატრიოტთა ალიანსი” და “ჯავახკური დიასპორა” რუსეთში შეხვედრებს მართავს

April 6, 2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის ფონზე, “პატრიოტთა ალიანსი” და “ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტი რუსეთში შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბჭო ავრცელებს (თავდაპირევლი ინფორმაცია ამის შესახებ “მთების დეტექტორმა” გაავრცელა)

ვიზიტის ამსახველი ფოტოები სწორედ რუსეთის ფედერალურმა საბჭომ გაავრცელა. აქვე ვკითხულობთ, რომ დავით თარხან-მოურავმა საბჭოს მათი “მოღვაწეობის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი.

“ჩვენ ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, პარტია “პატრიოტთა ალიანსი” საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია და საქართველოსა და რუსეთს შორის “ორმხრივად მომგებიანი კავშირების” შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების მომხრეა.

დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლობასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

რაც შეეხება “რუსეთის ჯავახკურ დიასპორას”, მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, არარეგისტრირებული ორგანიზაცია 2008 წელს, სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე ადგილობრივმა რუსეთში ჩამოაყალიბა. ამავე წყაროს ცნობით, 2011 წელს იგი რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში დაარეგისტრირეს.

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” და მათი იდეოლოგიის გამზიარებელმა ორგანიზაციებმა «საერთო ენის გამონახვასა და ურთიერთობის დათბობის» თხოვნით ღია წერილი ვლადიმერ პუტინს 22 თებერვალს გაუგზავნა. 

მსგავსი შინაარსის წერილი გაგზავნეს 2021 წლის 30 ივლისსაც