პტენა – ჩუნჩხას 1,7 კმ-იანი გზის მოწყობისთვის მილიონზე მეტის დახარჯვა იგეგმება – ახალქალაქი

February 14, 2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების პტენა – ჩუნჩხას 1,7 კმ-იანი საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გზა წლების განმავლობაში არ შეკეთებულა, რის გამოც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი 400 ათასზე მეტი 2023 წლის, ხოლო დანარჩენი 600 ათასზე მეტი – 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ახალქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, “ჯავახავტოგზამ” მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ როგორც მერიასთან, ასევე კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს არცერთგან უპასუხეს.