Წალკის ბიუჯეტით წელს 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

February 14, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

რამდენი საბავშვო ბაღი აშენდება წელს  წალკის მუნიციპალიტეტში და რამდენს ჩაუტარდება რეაბილიტაცია ? – პასუხი კითხვაზე საჯარო ინფორმაციის სახით მიმდინარე წლის 11 იანვარს წალკის მერიიდან გამოვითხოვეთ. უწყების მიერ თითქმის ერთი თვის შემდეგ მიღებული ინფორმაციით, წალკაში 2023 წელს რეაბილიტაცია 1 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება.

რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქ წალკის საბავშვო ბაღს 30 ბავშვზე გათვალისწინებული 1 ჯგუფი დაემატება. ამისთვის თანხის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამირან  საყვარელიძე გვეუბნება,  წალკის ბაღის რეაბილიტაციისათვის ტენდერი მარტში გამოცხადდება.

გამოთხოვილი  საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წალკის მერია ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შემთხვევაში  7 საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს. 

“საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის  პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი გვაქვს 7 (შვიდი) საბავშო ბაღის მშენებლობა, კერძოდ: სოფ. არ-სარვანში, სოფ. Საბეჭისში, სოფ. ახალშენში, სოფ. კაბურში, დაბა თრიალეთში, სოფ. კუშში და სოფ. Ნარდევანში”, – აღნიშნულია მერიის პასუხში.

მიიღებს თუ არა წალკის მერია ცენტრალური ბიუჯეტიდან ამისთვის  დაფინანსებას , უწყებაში ჯერ არ იციან.

 წალკის მუნიციპალიტეტში 39 სოფელი და 3 დაბაა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, აქედან საბავშვო ბაღი 7 ადმინისტრაციულ ერთეულშია. ბავშვებს ბაღში სიარული მხოლოდ ქალაქ წალკაში, სოფლებში: სამება, საყდრიონი, კიზილქილისა, არწივანსა და კოხტაში  შეუძლიათ.