რეაბილიტაცია დაგვიანებით- სოფელ კოხტამდე მისასვლელი გზა ისევ დაზიანებულია

March 29, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

წალკის სოფელ კოხტაში მოსახვედრად  ნახევარ წელზე მეტია მგზავრებს დაზიანებული გზის გავლა უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ასფალტ-ბეტონი 2021 წლის ნოემბერში დაიგო, დაახლოებით 10 თვეში, 2022 წლის ზაფხულში ისევ შესაკეთებელი გახდა.

თბილისი -წალკის საავტომობილო გზიდან სოფელ  კოხტის ცენტრამდე მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობისთვის წალკის მერიამ ტენდერი 2021 წლის 2 ივნისს 1 400 000 ლარამდე თანხაზე  გამოაცხადა.  6 პრეტენდენტს შორის  შპს “აკამ” გაიმარჯვა. 

გზის ხელახლა დაზიანების შემდეგ მისი აღდგენის ვალდებულება გამარჯვებულ კომპანიას 2021 წლის 20 აგვისტოს წალკის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განესაზღვრა.  Აღდგენითი სამუშაოები, როგორც რამდენიმე თვის წინ მომზადებულ რეპორტაჟში საკუთრივ კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა,  2022 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. 

დავინტერესდით, როდის შეკეთდება ახალდაგებული და მალევე დაზიანებული კოხტას გზა.

შპს “აკა”-ს დირექტორმა ამირან კეკელიამ გვითხრა, რომ გზის საფარის აღდგენას კომპანია წალკაში ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყებს. მისივე თქმით,  გასული წლის სექტემბერში დაზიანებული გზის გამოკვლევა ჩაატარეს.

Გასული წლის აგვისტოში მომზადებულ სიუჟეტში  კომპანია “აკა”-ში  გზის საფარის დაზიანების მიზეზად დიდთოვლობასთან ერთად, სატვირთო ავტომანქანების ხშირი გადაადგილება და კარიერული გზით მოპოვებული მასალის გადატანა დაგვისახელეს.

სოფელ კოხტას საავტომობილო გზა დაგებიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა — წალკა

შპს “აკა”-ს დირექტორი დღეს გვეუბნება, რომ გამოკვლევის მიხედვით,  ძირითადი მიზეზი დიდთოვლობაა.  უხვმა ნალექმა გზის ქვედა საფარი დაარბილა. თუმცა ამირან კეკელია აქვე ამბობს, რომ კარიერული გზით მოპოვებული მასალის გადატანა, მათ შორის საკუთრივ კომპანია “აკა”-ს მიერ და სატვირთო ავტომანქანების ხშირი გადაადგილებაც საფარის დაზიანების მიზეზად რჩება.

Რა ტექნოლოგიის და სტანდარტის მიხედვით უნდა დაიგოს გზა იმისთვის, რომ ის ყოველ წელიწადს შესაკეთებელი არ იყოს და ნალექმა არ დააზიანოს   მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგიის დოქტორი მალხაზ ნარიმანაშვილი გვესაუბრება.  

საკითხზე ინფორმირებულია წალკის მერიაც. აღნიშნული გზის საგარანტიო ვადა 3 წელია. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა  ამირან საყვარელიძემ გვითხრა, რომ შპს “აკა” დაზიანებულ გზას საკუთარი ხარჯებით აღადგენს. რატომ არ მოხდა, ეს დაპირებისამებრ, 2022 წლის სექტემებრში, მერიაში გვპასუხობენ, რომ “არ იციან”.