რუსეთის გემის გამო დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები

August 1, 2023

რუსეთიდან საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსული გემის საპროტესტო აქციაზე შსს-მ 23 პირი დააკავა, მათ შრის ერთი უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არსებული ინფორმაციით ექიმის დახმარება დასჭირდა.

გემზე იმყოფებოდნენ რუსი ტურისტები, მათ შორის, RU.TV-ს ტელეარხის წევრები, უკრაინაში ომის მხარდამჭერები და რუსი მომღერალი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. რუსეთიდან გემი, Astoria Grande ბათუმის პორტში უკვე მეორედ შემოვიდა, ორივე ჯერზე მის ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. გუშინვე პროტესტით გააცილეს გემი, რომელმაც მომავალი ვიზიტების სიიდან ბათუმი ამოიღო. აქამდე არსებული ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის გემს რეისები საქართველოში 2 კვირაში ერთხელ უნდა განეხორციელებინა.

როდის გაიმართება დაკავებულების სასამართლო პროცესი? – შსს-ში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ აქტივისტების დაკავებაში შესაძლოა, იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კონსტიტუციური ინტერესებიდან გამომდინარე:

“გაათავისუფლოს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები;
შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.”

ფოტო: ბათუმელები