“მთავრობას კი არა, მაგ ბრბოს მოკითხეთ ტურისტული სეზონის ჩავარდნა,” – ახალციხის სკოლის დირექტორის პოზიცია ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლის პროტესტის შესახებ

July 31, 2023

“მთავრობას კი არა, მაგ ბრბოს მოკითხეთ ტურისტული სეზონის ჩავარდნა. ნაცხროვა ბრბოს,” – ასე ეხმაურება ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ჟუჟუნა გოგოლაური რუსული გემის ASTORIA GRANDE-ს მარშუტებიდან ბათუმის რეისების ამოღებას. 

მას რუსი ტურისტები ქვეყანაში ორ კვირაში ერთხელ უდნა შემოეყვანა. ზემოთ მოყვანილი ციტატა, სკოლის დირექტორმა სწორედ აღნიშნულის შესახებ მომზადებული მასალის კომენტარებში დაწერა.  ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჟუჟუნა გოგოლაურმა ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა.

ოკუპანტი ქვეყნის გემმა საქართველოში რეისი უკვე მეორედ განახორციელა. მის ორივე რეისს ადგილობრივი აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებულია შსს სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც არსებული ინფორმაციით, აქციაზე 10-მდე პირი დააკავეს.

გემ ASTORIA GRANDE-ზე რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან.