რუსულენოვანი კონტენტი, პრორუსულ ტელევიზიაში და გაფრთხილება კომკომისგან

December 15, 2022

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ, სხვადასხვა შეფასებით პრორუსულ და დეზინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზია “ალტ ინფოს” რუსულენოვანი კონტენტის გამო გაფრთხილება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ მარეგულირებელი ორგანო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ალტ ინფოს” გადაცემაში „დღის კომენტარი“, გავიდა ინტერვიუ რუსულ ენაზე და არ იყო გამოყენებული სავალდებულო, ქართული სუბტიტრები.

“საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნულმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს.”

ამავე ინფორმაციის მიხედვით, იმის გამო, რომ პრორუსული ტელევიზის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

გადაცემის და ინტერვიუს დაზუსტებისთვის ჩვენ კომუნიკაციების კომისიას ვუკავშირდებოდით, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

“ალტ-ინფოს” ერთ ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ტელეფონის ნომერი კი – გამორთულია.