ქალაქ ახალციხეში, 2023 წლისთვის 14 ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება- საჯარო ინფორმაცია

December 15, 2022

ქალაქ ახალციხეში, 2023 წლისთვის 14 ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გვაწვდის.

უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ეს ქუჩებია: ყაზბეგის, ასპინძის, ტაბიძის, ი. ახალციხელის, საფარის, თამარაშვილის, გრ. ხანძთელის, მთაწმინდელის, კ. გამსახურდიას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, ბაღინაშვილის, ნიკოლაძის და მიქუტიშვილის.

ინფორმაციის მიხედვით, ახალციხის მერია მომდევნო წელს ტაბიძის ქუჩაზე დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას გეგმავს, თუმცა ამისთვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული არ არის. ამას ადასტურებს ახალციხის მერიც, ირაკლი ლაზარაშვილი და გვეუბნება, რომ ციტატა: “პირველ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მეორე ეტაპზე გაითვალისწინებენ.”

რა თანხის გამოყოფას გეგმავენ მუნიციპალურ ორგანოში გზების რეაბილიტაციისთვის? – მერიაში ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდნენ, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.

ასევე, საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ახალციხეში სულ 86 ქუჩაა, რომელთაგან გზა სრულად 76 ქუჩაზეა დაგებული, ხოლო 10-ზე – ნაწილობრივ.