სასამართლომ გახარიას პარტიის წევრის მოთხოვნა დააკმაყოფილა – ახალციხე

July 12, 2022

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, ამავე ააიპის ყოფილი იურისტის, მარინა აბულაძეს სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ აბულაძე გვიდასტურებს. 

აბულაძეს თქმით, სასამართლომ მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთი პუნქტი არ დაუკმაყოფილა, რომელიც დისკრიმინაციას გულისხმობდა. მისი თქმით, იგი გაერთიანებას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, სიმბოლურად 1 ლარს სთხოვდა. 

იმ შემთხვევაში თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება განაჩენს არ გაასაჩივრებს, აბულაძე მზად არის მუშაობა განაახლოს.

მარინა აბულაძის თქმით, სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, იგი დატოვებს ახალციხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას და საკრებულოს დეპუტატის სტატუსით განაგრძობს მუშაობას. იგი საკრებულოში გახარიას პარტია “საქართველოსთვის” მანდატით არის წარმოდგენილი. 

რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მარინა მერაბიშვილს და აპირებს თუ არა განაჩენის გასაჩივრებას? ჩვენი რედაქცია მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა იგი ჩვენ ზარებს არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ მარინა აბულაძე დასთან ერთად თანამდებობებიდან გასულ წელს გაათავისუფლეს, როგორც იგი ამბობდა, გათავისუფლების მოტივი მისი დის შვილის პოლიტიკური აქტივობა გახდა. გათავისუფლებიდან მალევე მარინა აბულაძე გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანდა და ახალციხის საკრებულოში დეპუტატის მანდატი მიიღო.

აბულაძეს ინტერესებს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი, თეა თედლიაშვილი იცავდა.